საქსტატი - 2024 წელს თეატრებში მაყურებელთა რაოდენობა 17.6 პროცენტით, ხოლო მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 3.0 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 54 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან 43 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 – თოჯინების, 2 – ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი.
საქსტატის ცნობით, თეატრების უმრავლესობა – 53.7 პროცენტი ფუნქციონირებდა თბილისში, 14.8 პროცენტი – იმერეთში, ხოლო დარჩენილი 31.5 პროცენტი სხვა რეგიონებში.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს ქვეყანაში 4.8 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 177 იყო გასვლითი. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 136 ერთეული შეადგინა. 2024 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით შემცირდა და 4 518 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების დაახლოებით ორი მესამედი, ანუ 69.4 პროცენტი თბილისში ჩატარდა.
გასულ წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 17.6 პროცენტით შემცირდა და 636.1 ათასი შეადგინა. მაყურებელთა ორი მესამედი, ანუ 66.2 პროცენტი თბილისზე მოდის, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმერეთია – 10.3 პროცენტით.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში 261 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 104 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 74 ერთეული – ისტორიულს, 23 ერთეული – ხელოვნების, 13 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 45 – სხვა სახის მუზეუმს. ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (22.6%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.3%) და კახეთის (14.2%) რეგიონებია.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 7.8 პროცენტით შემცირდა და 1.9 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 7.3 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
გასულ წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 3.0 პროცენტით შემცირდა და 45.0 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა 2.5 პროცენტით გაიზარდა და 939 ერთეული იყო.