იუპიტერის ზომის პლანეტას კომეტის მსგავსი, 560 000 კმ სიგრძის კუდი აქვს — #1tvმეცნიერება
იუპიტერის ზომის პლანეტას კომეტის მსგავსი, 560 000 კმ სიგრძის კუდი აქვს — #1tvმეცნიერება

გაზის გიგანტმა ეგზოპლანეტა WASP-69b-მა არაერთხელ მიიპყრო ასტრონომთა ყურადღება; ამჯერად გაზის კვალის გამო, რომელსაც უკან, გზადაგზა ტოვებს — კუდს, რომელიც პლანეტის რადიუსზე შვიდჯერ უფრო გრძელია.

ეს კუდი WASP-69b-ის ატმოსფეროს განიავების შედეგად წარმოიქმნება, რის გამოც, ის მომაჯადოებელი ციური სხეულია შესასწავლად. პლანეტა დაახლოებით იუპიტერის ზომისაა და ჩვენგან 160 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს; თავის ვარსკვლავს გარს უვლის უჩვეულოდ ახლო მანძილიდან.

ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, სწორედ ასეთი სიახლოვეა მისი წაგრძელებული კუდის მიზეზი. ვარსკვლავური ქარის რადიაცია WASP-69b-ს ურტყამს, ფანტავს და მის უკან კუდის ფორმით მიმართავს.

„სხვა ჯგუფების მიერ ჩატარებულმა წინა კვლევები აჩვენებდა, რომ ეს პლანეტა ატმოსფეროს გარკვეულ ნაწილს კარგავდა და შესაბამისად, მას მცირე კუდი უნდა ჰქონოდა. თუმცა, ჩვენ ახლა ეს კუდი დადასტურებულად დავაფიქსირებთ და ვაჩვენეთ, რომ ის თავად პლანეტაზე სულ მცირე შვიდჯერ უფრო გრძელია“, — ამბობს ასტროფიზიკოსი დაკოტა ტაილერი.

ახალი ცნობები ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვატორიის 10-მეტრიანი ტელესკოპით დაკვირვებების შედეგად მიიღეს. მისმა მაღალი რეზოლუციის სპექტროგრაფმა ზუსტად აღწერა ცვლილებები პლანეტის სინათლესა და სიხშირეში.

ამ მონაცემების საფუძველზე, ჯგუფმა განსაზღვრა, რომ WASP-69b დიდი ოდენობით წყალბდსა და ჰელიუმს კარგავს; ასევე დეტალურად შეისწავლეს მათი ურთიერთქმედება ვარსკვლავურ ქარებთან.

WASP-69b-ის შესახებ შეგროვებულმა მონაცემებმა ასტრონომებს ფასდაუდებელი ცნობები მისცა პლანეტისა და ვარსკვლავის ურთიერთქმედების შესახებ; თანაც, ეს ფენომენი გადამწყვეტ, ადრეულ ფაზაში დააფიქსირეს.

„ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის ცნობილ ეგზოპლანეტათა უმეტესობის შემთხვევაში ატმოსფეროს დაკარგვის პერიოდი დიდი ხნის წინ დასრულდა. WASP-69b ნამდვილი საგანძურია, რადგან უიშვიათესი შანსი გვაქვს, ატმოსფერული მასის კლება რეალურ დროში შევისწავლოთ და გავიგოთ ის კრიტიკული ფიზიკა, რაც ათასობით სხვა პლანეტას აყალიბებს“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ერიკ პეტიგურა.

WASP-69b ათი წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ როგორც ამ უახლესმა კვლევამ აჩვენა, მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მიეკუთვნება ე. წ. ცხელი იუპიტერის ტიპის პლანეტებს. თავის ვარსკვლავს ის იმდენად ახლოდან უვლის გარშემო, რომ ერთ შემოვლას დედამიწის ოთხ დღეზე ნაკლებს ანდომებს.

მიუხედავად მასიური კუდისა, ჯერ არ არსებობს შანსი იმისა, რომ ეგზოპლანეტა თავის სისტემიდან გაიქცეს. პლანეტა იმდენად გიგანტურია, რომ თავად მისი ვარსკვლავი გაქრება იქამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მისი ატმოსფერო გაიფანტება კოსმოსში სრულად.

„WASP-69b დედამიწაზე დაახლოებით 90-ჯერ მასიურია და მასალების იმხელა რეზერვუარი აქვს, რომ ასე უზარმაზარი ოდენობის მასის დაკარგვითაც კი, მას დიდი არაფერი დაეტყობა მთელი არსებობის განმავლობაში. არ არსებობს ამ პლანეტის ატმოსფეროს სრულად დაკარგვის შანსი ვარსკვლავის სიცოცხლის განმავლობაში“, — ამბობს ტაილერი.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.