იუპიტერის მთვარე იოზე უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
იუპიტერის მთვარე იოზე უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

მთელ მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები ხდება არა დედამიწაზე, არამედ იუპიტერის გოგირდოვან თანამგზავრ იოზე.

აშშ-ის პლანეტური მეცნიერების ინსტიტუტის (PSI) მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ცოტა ხნის წინ იოზე მომხდარი ამოფრქვევა ამ ჯოჯოხეთური ადგილისთვისაც კი მოულოდნელად მძლავრი იყო.

იუპიტერის გარშემო სივრცეში, იოს ვულკანური ემისიის მიერ წარმოქმნილი ვულკანური პლაზმის ტორუსი გასული წლის ივლისიდან სექტემბრამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა, გამდიდრდა და დეკემბრამდე გაძლო, რაც ამ მთვარეზე მომხდარი ვულკანური აქტივობის შედეგად დიდი ოდენობით მატერიის გამოყოფაზე მიუთითებს.

დედამიწის მთვარეზე ოდნავ დიდი სხეულის კვალობაზე, იო აბსოლუტური ვულკანური მონსტრია. ის ვულკანებით არის სავსე — როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნებისმიერ მოცემულ მომენტში, იქ დაახლოებით 150-დან 400-მდე ვულკანი იფრქვევა და გამდნარი ლავის დიდ ტბებს წარმოქმნიან.

ამ ყველაფრის მიზეზი იუპიტერთან ურთიერთქმედებაა: იო მის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, რის გამოც, ცვალებადია გრავიტაციული მიზიდვა, რაც მის ფორმას ცვლის — კუმშავს და წელავს.

იოს იუპიტერის გალილეოსეული სხვა მთვარეებიც იზიდავენ. შედეგად კი მის წიაღში წარმოიქმნება ხახუნის სითბო, რომელიც გამდნარ მატერიას ზემოთ აფრქვევს.

ვულკანურ ამოფრქვევებს შემდეგ ეფექტი აქვთ იუპიტერზეც. ვინაიდან იოს საკუთარი მაგნიტური ველი არ აქვს, მისგან გარბის გოგირდის დიოქსიდი და წარმოქმნის პლაზმის ტორუსს, რომელიც იუპიტერის გარშემო მოძრაობს.

სწორედ ის კვებავს იუპიტერის პოლუსებზე მოციმციმე მუდმივ ულტრაიისფერ ციალს, რომელიც ყველაზე მძლავრი პოლარული ციალია მთელ მზის სისტემაში.

ასეთი კომპლექსური ურთიერთქმედება თავის მხრივ უკვე მომაჯადოებელია. თუმცა, ამან შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი ცნობები მოგვცეს ამავე სახის ურთიერთობებზე, რომლებიც შეიძლება გალაქტიკის მასშტაბით ხდებოდეს.

იო

ამიტომ, PSI-ს ასტრონომმა ჯეფ მორგენთალერი იოს აქტიურად აკვირდება 2017 წლიდან, რისთვისაც ობსერვატორია IoIO-ს იყენებს.

იუპიტერი ძლიერ დიდი და კაშკაშაა, ამიტომაც, IoIO კორონოგრაფიულ მეთოდს მიმართავს: მინიმუმამდე ამცირებს იუპიტერის მიერ გამოყოფილ სინათლეს, რის შედეგადაც, მორგენთალერს შეუძლია დაინახოს იუპიტერის გარშემო სივრცეში სხვა ობიექტთა მიერ გამოყოფილი სინათლეც, მათ შორის, პლაზმის ტორუსიც.

სწორედ ამ გზით ხედავს ის, რომ იოზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები ყოველ წელს ხდება; შარშან კი მან იმის დანახვაც შეძლო, როგორ გადავიდა გოგირდი და ნატრიუმი იოდან ტორუსში.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა უზარმაზარი იყო, ტორუსი იმაზე მკრთალი იყო, ვიდრე სხვა წლებში. ჯერ უცნობია, რას შეიძლება ეს ნიშნავდეს, მაგრამ ამის გაგებამ შეიძლება რაღაც ახალი გვითხრას იუპიტერსა და იოს შორის გაჩაღებული ცეცხლოვანი ცეკვის შესახებ.

მეტი დეტალი შეიძლება გაარკვიოს იუპიტერის გარშემო მოძრავმა NASA-ს ხომალდმა ჯუნომ, რომელსაც იუპიტერის პლაზმურ გარემოში ცვლილებათა გაზომვა შეუძლია.

გარდა ამისა, 2023 წლის დეკემბერში, ჯუნო იოს გადაუფრენს და მონაცემებსაც შეაგროვებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.