იუპიტერის მთვარე ევროპას ოკეანეში უხვად არის სუფრის მარილი - ახალი კვლევა
იუპიტერის მთვარე ევროპას ყინულოვანი საფარის ქვეშ არსებული გიგანტური ოკეანე საოცრად ჰგავს დედამიწის ზღვებს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
მეცნიერებს ზოგადად მიაჩნდათ, რომ ევროპას ოკეანეში სულფატური მარილები ჭარბობდა. ევროპაზე იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწაზე. თუმცა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ევროპას გაყინულ ზედაპირზე ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) დააფიქსირა.
მკვლევართა აზრით, ნატრიუმის ქლორიდი, ანუ იგივე სუფრის მარილი ზედაპირზე სავარაუდოდ ევროპას ოკეანიდან ამოდის. აღმოჩენა ნამდვილად ამაღელვებელია, რადგან დედამიწის ოკეანის მარილიანობასაც ძირითადად ნატრიუმის ქლორიდი განაპირობებს.
კვლევის ავტორის, სამანტა ტრუმბოს განცხადებით, საჭიროა გადავხედოთ ამჟამად არსებულ წარმოდგენას ევროპას ზედაპირის შემადგენლობასთან და წიაღის გეოქიმიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ ეს ნატრიუმის ქლორიდი მართლაც წიაღიდან არის ამოსული, გამოდის, რომ ევროპა იმაზე მეტად ჰგავს დედამიწას, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „გალილეომ“, რომელიც იუპიტერის გარშემო 1995-2003 წლებში მოძრაობდა, ევროპას ზედაპირზე უცნაური, მოყვითალო ლაქები შენიშნა. ევროპას ზედაპირის გარემოს სიმულირების გზით ჩატარებულმა შემდგომმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა მიუთითა, რომ ამ ლაქების წარმოქმნის მიზეზი დასხივებული ნატრიუმის ქლორიდი უნდა ყოფილიყო. ევროპა იუპიტერის უმძლავრეს რადიაციულ სარტყელში მდებარეობს და შესაბამისად, მისი ზედაპირი გამუდმებით განიცდის რადიაციულ ბომბარდირებას.
გამომდინარე აქედან, ტრუმბომ და მისმა კოლეგებმა ევროპაზე ნატრიუმის ქლორიდის ნიშნების პოვნა გადაწყვიტეს. 2017 წლის მაისიდან აგვისტომდე, ისინი დაკვირვებებს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ვიზუალიზაციის სპექტროგრაფით (STIS) ახორციელებდნენ; პატარდა სულ ოთხი დაკვირვება.
ხელსაწყომ შენიშნა, რომ შთანთქმის ხაზი 450 ნანომეტრი იყო, რაც რადიაციით დასხივებული ნატრიუმის ქლორიდისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, ასეთი ხელწერა მთელ ევროპაზე არ ვრცელდება. ის ფიქსირდებოდა ევროპას მხოლოდ ერთ მხარეს, რომელიც მუდმივად იუპიტერისკენ არის მიქცეული. დედამიწის მთვარის მსგავსად, ევროპაც გრავიტაციულად არის ჩაკეტილი დედაპლანეტის მიერ, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად იუპიტერისკენ არის მოქცეული, მეორე კი პირიქით.
გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი კონცენტრირებული აღმოჩნდა ე. წ. ქაოსის რეგიონებშიც — ევროპას ზედაპირის კომპლექსურ, დაშლილ და გეოლოგიურად ახალგაზრდა ზონებში, სადაც შესაძლებელია ნივთიერებები ამოვიდეს დაბლა არსებული ოკეანიდან.
ევროპას უკანა ნახევარსფერო იბომბება გოგირდის ნაერთებით, რომელსაც იუპიტერის კიდევ ერთი მთვარე — სუპერვულკანური იო აფრქვევს. თუმცა, წინა ნახევარსფერო ამ კოსმოსური წვიმისგან დაცულია. შესაბამისად, წინა ნახევარსფეროს ახალგაზრდა, შედარებით სუფთა ზედაპირის შემადგენლობა ძირითადად უნდა ემთხვეოდეს ევროპის სიღრმისეულ შემადგენლობას.
ტრუმბოს თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნატრიუმის ქლორიდი წიაღიდან მოდის, მაგრამ გაურკვეველია, დომინირებს თუ არა ინტერიერში ქლორიდი.
მაგალითად, შესაძლებელია, რომ ევროპას ოკეანეში ბატონობს სულფატური მარილები, თუნდაც მაგნიუმის სულფატი, რომელსაც ინგლისურ მარილსაც უწოდებენ; NaCl კი მცირე ოდენობით იყოს წარმოდგენილი.
ტრუმბოს განცხადებით, დედამიწაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ევროპას მსგავს ოკეანეებში თავდაპირველად სულფატები უნდა დომინირებდეს.
თუმცა, დროთა განმავლობაში, გარკვეულ გეოლოგიურ პროცესთა შედეგად ბალანსი შესაძლოა, NaCl-ის სასარგებლოდ გადაიხაროს. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ზღვის ფსკერის ფართი ჰიდროთერმული სისტემა. ევროპას კი შეიძლება, ასეთი სისტემები ჰქონდეს. ისინი ფართოდ არის გავრცელებული დედამიწის ოკეანეებში და სავარაუდოდ, არსებობს სატურნის მთვარე ენცელადზეც. უზარმაზარი ზედაპირქვეშა ოკეანე ამ სხეულზეც არსებობს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.