იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა
იტალიის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მთავრობის ფორმირება ეკონომისტ კარლო კოტარელის დაავალა.

პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრა უკვე დასრულდა. კოტარელი შეთავაზებას დათანხმდა.

სერჯო მატარელამ კარლო კოტარელი მას შემდეგ გამოიძახა, რაც იურისტმა ჯუზეპე კონტემ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

27 მაისს იტალიის პრეზიდენტმა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისა და“ პარტია „ლიგის“ კანდიდატის, კონტეს მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა არ დაამტკიცა.

ახალი კაბინეტის ფორმირების მთავარი დაბრკოლება ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი პაოლო სავონი გახდა.

მატარელამ თქვა, რომ სავონის დაბლოკვის მიზეზი ევროზონისადმი მისი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა. 1954 წელს დაბადებული კარლო კოტარელი, წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში. იტალიის მოსახლეობისთვის ის ცნობილი გახდა 2013 წელს, როდესაც მთავრობამ კოტარელი საბიუჯეტო ხარჯების აუდიტის საგანგებო კომისრად დანიშნა.