სალომე ზურაბიშვილი - სერჯო მატარელასთან ​ნატო-სთან ურთიერთობაზე ვისაუბრე, ეს გზაც არის გზა, რომელიც საქართველოსთვის უალტერნატივოა და რომელზეც ასევე იქნება იტალიის მხარდაჭერა
სალომე ზურაბიშვილი - სერჯო მატარელასთან ​ნატო-სთან ურთიერთობაზე ვისაუბრე, ეს გზაც არის გზა, რომელიც საქართველოსთვის უალტერნატივოა და რომელზეც ასევე იქნება იტალიის მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

როგორც ზურაბიშვილმა სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი ახლო მეგობარია.

„ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის, რომელიც ჯდება ამ ახალ მსოფლიოში და ახალ ევროპაში. ცხადია, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენს ურთიერთობებშიც ასევე გაჩნდეს ახალი საწყისები. საერთოდ პრეზიდენტების ვიზიტები იმისთვის არის საჭირო, რომ მივცეთ ახალი ბიძგი ახალ ურთიერთობებს. არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არის, უნდა მოვითხოვოთ უფრო მეტი, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ბიზნესს, რომ არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და საჭიროა, რომ გამოვიყენოთ უფრო სრულყოფილად ეს შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ბიზნესფორუმი, სხვადასხვა თანამშრომლობის უკვე არსებული ხელშეკრულებები, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ყველაფერი გადავიდეს უფრო აქტიურ პრაქტიკაში. ამის ძალიან ბევრი მიმართულებები არსებობს. მე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, ეს არის ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია, სადაც შეგვიძლია, ძალიან ბევრი მივიღოთ იტალიასთან თანამშრომლობით. ასევე კულტურა, რომელიც ისედაც გვაერთიანებს. იტალია არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი კიდევ გვასწავლოს და გაგვიზიაროს იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენიც არის და იტალიისაც. და განათლება. განათლების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჩვენ განათლება გვინდა, მივიღოთ ევროპაში და გამოვიყენოთ „ერასმუსი“, „ჰორაიზონ 2020“ და ყველა საშუალება, რაც მოგვეცემა ევროკავშირის ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში, ჩვენი სტუდენტები, ჩვენი მკვლევარები ერთად მუშაობდნენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ნამდვილი გზა ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გაევროპელების და ჩვენი ხალხის გაერთიანების“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სერჯო მატარელასთან ასევე საუბარი შეეხო ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატო-სთან ურთიერთობაზე, მალე მადრიდის სამიტს ველოდებით. ეს გზაც არის გზა, რომელიც საქართველოსთვის უალტერნატივოა და რომელზეც ასევე იტალიის მხარდაჭერა იქნება – სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიებში ჩვენი თანამშრომლობით თუ ჩვენი ნატო-ში მხარდაჭერით, ეს არის გზა, რომელზეც ვიცით, რომ იტალია დგას ჩვენს გვერდით. ახალი მსოფლიო გამოწვევები ახალი შესაძლებლობების მქონეა და ხსნის ახალ გზებს. ჩვენ ვხედავთ, რომ კავკასია, როგორც ასეთი და ცხადია, საქართველო პირველ რიგში ხდება უფრო მნიშვნელოვანი, მისი სატრანზიტო გზები, ეს იქნება ვაჭრობის თუ ენერგეტიკის კუთხით უფრო დატვირთულია და ეს გზა, შავი ზღვას, შუა აზიასა თუ შორეულ აზიას შორის, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთლიანად ევროპისთვის. ესეც უნდა გახდეს ჩვენი სამომავლო, ევროპული და ქართული ურთიერთობების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზა. ამაში იტალიის როლი ასევე ძალიან ცენტრალური შეიძლება გახდეს. შავ ზღვას რადგან ვახსენებ, აქაც ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, რამეთუ იტალიაც თვლის ჩვენსავით, რომ საჭიროა ევროკავშირმა ჩამოაყალიბოს და ჩვენც ამის მონაწილე უნდა ვიყოთ, შავი ზღვის სტრატეგია, სადაც განხილული იქნება, თუ როგორ შენარჩუნდეს ამ ზღვაზე, რომელზეც ასევე გამოწვევებია, სტაბილურობა, მშვიდობა, რათა თანამშრომლობის ახალ პროექტებს, რომლებიც ისახება ევროკავშირის მხრიდან, მიეცეს გაშლის საშუალება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.