სალომე ზურაბიშვილი - იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ გზაზე
სალომე ზურაბიშვილი - იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ გზაზე

ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს და იტალიას აქვს არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და იტალიის კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი წლის წინ იცნობდნენ ერთმანეთს და თანამშრომლობდნენ.

„25 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში გაიმართა დღეს და ამავე დროს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს და იტალიას აქვს არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები. ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი საუკუნის წინ უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და თანამშრომლობდნენ. ვიმყოფები რომში და ალბათ ეს შემთხვევითი არ არის, სადღაც 65 წლის წინ რომის ტრაქტატების ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის იდეას. ეს ბევრმა ალბათ არ იცის ან დავიწყებულია, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია დაიწერა ქართველი პროფესორის, ქართველი ემიგრანტის, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, მიხეილ მუსხელიშვილის მიერ, ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რადგან სადღაც ვართ ევროპის სათავეშიც კი. საუკუნეებია, საქართველო ევროპისკენ იყურება და ამის ბევრი მაგალითი არსებობს ბოლო პერიოდში. ეს 30 წელი საქართველოს მოსახლეობა ევროპისკენ არათუ იყურება, არამედ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს მყარად ევროპის ინტეგრაციას, ამ პროცესს, რომელიც დღეს ჩანს ამ ჭრილში, აჩქარებული პროცესი, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ, ამ წარსულიდან გამომდინარე, ამ თარიღებიდან გამომდინარე, ლოგიკური და მიზანშეწონილია, რომ სწორედ აქ და ახლა, პრეზიდენტ მატარელასთან გვაქვს საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს, იმ მოლოდინს, რაც არსებობს საქართველოში. ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენს გვერდით ამ რთულ, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას დღეს ეწვია.