იტალიის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს კოალიციის შესაქმნელად ხუთი დღე მისცა
იტალიის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს კოალიციის შესაქმნელად ხუთი დღე მისცა

იტალიის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს კოალიციის შესაქმნელად ხუთი დღე მისცა. ამის შესახებ სერჯო მატარელამ სამთავრობო კრიზისთან დაკავშირებით ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. იტალიის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს ხუთ დღეში დაიწყებს.

„უნდა არსებობდეს მხოლოდ ისეთი ხელისუფლება, რომელიც პროგრამაზე დაყრდნობით იღებს პარლამენტის ნდობას. აღნიშნული პირობების არ არსებობის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია,“ – განაცხადა სერჯო მატარელამ.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი 8 აგვისტოს დაიწყო. როდესაც მმართველ კოალიციაში შემავალი პარტია „ლიგის“ ლიდერმა და ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მიზეზი პარტია „ლიგასა“ და მოძრაობა „ხუთ ვარსკვლავს“ შორის არსებული უთანხმოება გახდა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში სულ უფრო ძლიერდებოდა. მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ასეთ პირობებში პარლამენტში მმართველი უმრავლესობა არ არსებობს. 20 აგვისტოს კი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟუზეპე კონტემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ახლა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა ახალი მმართველი უმრავლესობის ფორმირების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.