იტალიის პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა და რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ განცხადებას იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა „ხაზი გაუსვა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, მათ შორის, ლიბანთან დაკავშირებით, მოუწოდა თავის კოლეგას, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და გახსნას გზა დიალოგისკენ“.
ამასთან, ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის გზით, რაც ასევე ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.