იტალიაში ინტენსიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა ამ ქვეყნის მსოფლიო დონის ჯანდაცვის სისტემა რღვევის წერტილამდე მიიყვანა.
პარასკევის მონაცემებით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა იტალიაში 4068 იყო, შაბათს კი ეს რიცხვი 3994-მდე დავარდა. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ანჯელო ბორელის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია COVID-19-თან იტალიის ბრძოლაში.
„ეს გახლავთ მონაცემების ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი, რადგან ეს რიცხვი პირველად შემცირდა. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენს საავადმყოფოებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. საგანგებო სიტუაციის მართვის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რაოდენობა დაეცა“, — ამბობს ბორელი.
გუშინ იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 681 ადამიანი გარდაიცვალა და ამ რიცხვმა ჯამში 15 362-ს მიაღწია; გარდაცვლილთა რაოდენობით იტალია ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს, თუმცა, ბორელი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ეს რიცხვი მუმივად მცირდება. შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ჩვენ თითქმის 1000 გარდაცვლილი გყვავდა ერთ დღეში“, — აღნიშნავს ბორელი.
გარდა ამისა, ოთხი პროცენტით შემცირდა იტალიაში ყოველდღიურად ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობაც.
თუმცა, იტალიის ხელისუფლება გამარჯვებას ჯერ არ ზეიმობს და ქვეყანას საყოველთაო კარანტინის სულ მცირე კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებისთვის ამზადებს.
„კრიტიკულად მძიმე პაციენტთა რაოდენობის შემცირება ძლიერი სიგნალია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს იმად აღვიქვათ, რომ კრიტიკული ეტაპი გადავლახეთ. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მიღებული ზომები წარმატებული აღმოჩნდა“, — ამბობს იტალიის მთავრობის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ფრანკო ლოკატელი.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.