იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება კვირების განმავლობაში ვერ შენიშნეს – ახალი კვლევა
იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება კვირების განმავლობაში ვერ შენიშნეს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, COVID-19-ის ინფექციის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ჩრდილოეთ იტალიაში ჯერ კიდევ იანვრის პირველ რიცხვში არსებობდა.

იტალიის ეპიდაფეთქების ეპიცენტრის, ლომბარდიის რეგიონის ეპიდემიოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დაავადების სიმპტომები ქვეყანაში პირველ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე (20 თებერვალი) რამდენიმე კვირით ადრე დაფიქსირდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ლაბორატორიულად დადასტურებული 6000-მდე შემთხვევა შეისწავლეს და რეგიონში გავრცელების მიზეზის საპოვნელად მათ კვალს გაჰყვნენ. კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.

ინფექციურ დაავადებათა მოდელირების სპეციალისტი მიშელ ტიზონი ამბობს, რომ იანვარში მომხდარი შეუმჩნეველი გავრცელება „განსაცვიფრებელია“. მისი თქმით, ამ დროს იტალიაში ჯერ კიდევ ვირუსის სამშობლოზე, უხანზე ლაპარაკობდნენ.

იმ დროს, როდესაც იტალიაში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსი უკვე მოდებული იყო სამხრეთ ლომბარდიის ქალაქების უმეტესობას. მომდევნო რამდენიმე კვირის შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თითქმის ნახევარს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, მათგან მეხუთედს კი ინტენსიური მზრუნველობა.

კვლევის ავტორების თქმით, ლომბარდიას ეპიდაფეთქების ახალი სურათი ნათლად გვიჩვენებს, რომ „აგრესიული შემაკავებელი სტრატეგიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირველი დადებითი ტესტიდან სამი დღის შემდეგ, იტალიის მთავრობამ საჯარო აქტივობები და შეკრებები აკრძალა, წინა კვირებში ვირუსის შეუმჩნეველმა გავრცელებამ საბოლოოდ გაიმარჯვა – ყოველ სამ დღეში ერთხელ შემთხვევების რაოდენობა ორმაგდებოდა.

ტიზონის თქმით, ეს მონაცემები იმ ქვეყნებისთვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც ეპიდაფეთქებებისთვის ემზადებიან.
რას გვირჩევს მკვლევარი?

„მოემზადეთ. მერე რა, ჯერ საფრთხეს თუ ვერ ხედავთ“.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.