იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაზრდილია წინა დღესთან შედარებით, როდესაც იტალიაში „კოვიდ-19“-ით 239 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 29 684 შეადგინა.
ამასთან, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 1 444 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 214 457 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8 014-ით გაიზარდა. განკურნებულთა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ხელისუფლება განმარტავს იმით, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობას წინა რამდენიმე დღის გამოტოვებული მონაცემები დაემატა. საერთო ჯამში, კორონავირუსისგან იტალიაში 93 245 ადამიანი განიკურნა.