იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა

20:51, 06.05.2020

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო ანსა სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაზრდილია წინა დღესთან შედარებით, როდესაც იტალიაში „კოვიდ-19“-ით 239 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 29 684 შეადგინა.

ამასთან, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 1 444 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 214 457 შემთხვევა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 8 014-ით გაიზარდა. განკურნებულთა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ხელისუფლება განმარტავს იმით, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობას წინა რამდენიმე დღის გამოტოვებული მონაცემები დაემატა. საერთო ჯამში, კორონავირუსისგან იტალიაში 93 245 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი