მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
„სკუადრა აძურამ“ ორი შეხვედრის ჯამში გოლი ვერ გაუტანა შვედეთის ნაკრებს და მუნდიალის ფინალური ტურნირის მიღმა დარჩა. შინ პირველი მატჩის 1:0 მოგების შემდეგ, შვედეთმა კარგად დაიცვა თავი მილანში გამართულ განმეორებით შეხვედრაში და სასურველ ფრეს მიაღწია – 0:0.
იტალიელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ: ბურთის ფლობა – 75%-25%, დარტყმების შეფარდება – 24-4, ზუსტი დარტყმები – 6-1, კუთხურები – 8-0. თუმცა, შეუძლებელი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების მეკარის, „კოპენჰაგენის“ წევრის, რობინ ოლსენის კარის აღება.
იტალია, პირველად 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ვერ ითამაშებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, შვედეთი კი რუსეთში გასამართი ტურნირის რიგით 29-ე ფინალისტი გახდა.