იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება
იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

„სკუადრა აძურამ“ ორი შეხვედრის ჯამში გოლი ვერ გაუტანა შვედეთის ნაკრებს და მუნდიალის ფინალური ტურნირის მიღმა დარჩა. შინ პირველი მატჩის 1:0 მოგების შემდეგ, შვედეთმა კარგად დაიცვა თავი მილანში გამართულ განმეორებით შეხვედრაში და სასურველ ფრეს მიაღწია – 0:0.

იტალიელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ: ბურთის ფლობა – 75%-25%, დარტყმების შეფარდება – 24-4, ზუსტი დარტყმები – 6-1, კუთხურები – 8-0. თუმცა, შეუძლებელი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების მეკარის, „კოპენჰაგენის“ წევრის, რობინ ოლსენის კარის აღება.

იტალია, პირველად 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ვერ ითამაშებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, შვედეთი კი რუსეთში გასამართი ტურნირის რიგით 29-ე ფინალისტი გახდა.