ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ გეგმავენ მხოლოდ „ტაქტიკურ, ადგილობრივ პაუზებს“ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომლებიც შეზღუდული დროით იმოქმედებს და შეზღუდულ ტერიტორიებს შეეხება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი რიჩარდ ჰეხტი აცხადებს, რომ სამხედროები გეგმავენ მხოლოდ „ტაქტიკურ, ადგილობრივ პაუზებს“ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომლებიც შეზღუდული დროით იმოქმედებს და შეზღუდულ ტერიტორიებს შეეხება.
ჰეხტმა აღნიშნა, რომ ისრაელი ჩაერთვება ყოველდღიურ, ოთხსაათიან ჰუმანიტარულ პაუზებში ჩრდილოეთ ღაზაში. მისივე თქმით, დაგეგმილი პაუზები ისრაელის ჰუმანიტარული დერეფნის პოლიტიკის გაგრძელებაა – კვირაში ორჯერ ოთხსაათიანი პაუზები, რათა მშვიდობიან მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გადაადგილდნენ ჩრდილოეთიდან სამხრეთ ღაზაში, რომელიც შედარებით უსაფრთხოა და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება.
„ჩვენ ვხედავთ ათიათასობით ადამიანის მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასის“ მხრიდან არის ზეწოლა, არ გაუშვან ისინი. ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავენ ტერიტორიის გაფართოებას და მეტის გაკეთებას. ეს არ არის პოლიტიკის შეცვლა, ეს არის „ტაქტიკური პაუზა“ კონკრეტული ტერიტორიიდან სამხრეთში გადაადგილებისთვის“, – აღნიშნა ჰეხტმა.