ისრაელის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინეს რომაული ხმლები, რომლებიც ახლაც პირვანდელივით ბასრია — #1tvმეცნიერება
12:52, 07.09.2023
მკვდარი ზღვის ერთ-ერთი მღვიმის კვლევისას, ისრაელელმა მეცნიერებმა უიშვიათესი აღმოჩენა გააკეთეს: იპოვეს ბრწყინვალედ შემონახული ოთხი ხმალი, რომლებიც მათი აზრით, 1900 წლის წინ მომხდარ ბრძოლაშია გამოყენებული.
მკვლევართა განცხადებით, ხმლები სავარაუდოდ ნადავლი იყო, რომელიც აჯანყებულებმა მოწინააღმდეგეებს დაუმალეს, რადგან თუ შენიშნავდნენ, რომ ისინი რომაულ იარაღს ატარებდნენ, საფრთხეში აღმოჩნდებოდნენ.
ისრაელის სიძველეთა სამმართველოს განცხადებით, ხმლები იუდეის უდაბნოში, მკვდარი ზღვის სიახლოვეს მდებარე თითქმის მიუწვდომელ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. მკვლევართა განცხადებით, გამოქვაბულში ხმლები ძალიან ვიწრო ნაპრალში იყო დამალული.
„საქმე ეხება უკიდურესად იშვიათ აღმოჩენას, ისეთს, რომლის მსგავსიც ისრაელში ჯერ არ გაკეთებულა“, — ამბობს გათხრების პროექტის ხელმძღვანელი ეითან კლაინი.
ხმლებს აქვს ხისა და ტყავის ტარები, ხის ქარქაშები. მიუხედავად იმისა, რომ ხმლები უდაბნოს მიყრუებულ მღვიმეში 2000 წლის განმავლობაში იყო დამალული, საოცრად კარგად არის შემონახული მათი ფოლადის პირები.
ისრაელის სიძველეთა სამმართველოს დირექტორის, ელი ესკუსიდოს განცხადებით, ხმლები ახლაც ისეთივე ბასრია, თითქოს დღეს დამალეს.
არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს რომაული პილუმი — შუბის ნაირსახეობა.
მკვლევართა განცხადებით, ხმლებს ძირითადად იუდეაში განლაგებული რომაელი ჯარისკაცები იყენებდნენ.
„იზოლირებულ მღვიმეში ხმლებისა და პილუმის დამალვა მიუთითებს, რომ ეს იარაღები აჯანყებულებმა ნადავლის სახით წაართვეს რომაელებს შემდეგში გამოყენების მიზნით დამალეს“, — ამბობს კლაინი.
კლაინის განცხადებით, შესაძლოა, იარაღები ძვ. წ. 132-135 წლების ბარ-კოხბას აჯანყების დროს მოიპოვეს და გადამალეს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ მიმართულებით კვლევა გრძელდება, რათა საბოლოოდ დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა ისინი, სად გამოჭედეს და რომელ ისტორიულ მოვლენაში შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.