ისლანდიაში კრიპტოვალუტების მაინინგისთვის 600-მდე კომპიუტერი მოიპარეს
ისლანდიაში მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან კრიპტოვალუტების მაინინგისთვის 600-მდე კომპიუტერი მოიპარეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ქურდობის სამი შემთხვევა ჯერ კიდევ დეკემბერში მოხდა, კიდევ ერთი იანვარში, თუმცა ხელისუფლებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია.
პოლიციის განცხადებით, ეს ქვეყნაში ყველაზე მასშტაბური ქურდობის სერიაა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 11 ადამიანი. მათგან ორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მოპარული კომპიუტერების ღირებულება ორ მილიონ დოლარს აღწევს.
„ეს წარმოუდგენელი მასშტაბის გრანდიოზული ქურდობაა. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს კარგად ორგანიზებული დანაშაულია“, – განაცხადა პოლიციის კომისარმა ოლაფურ ჰელგი კიარტანსონმა.
მოპარული კომპიუტერების აღმოსაჩენად, პოლიცია ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას აკონტროლებს.