„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანის თანამდებობა ჯეიმს ჯეფრიმ დაიკავა
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანის თანამდებობა ჯეიმს ჯეფრიმ დაიკავა. ამის შესახებ ცნობა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ამერიკელი დიპლომატი აქამდე სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო. ის ახალ თანამდებობას ძველთან ერთად შეითავსებს.
ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების ცნობით, ახალი თანამდებობის ფარგლებში, ჯეიმს ჯეფრი სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაყვანას უზრუნველყოფს.
22 ნოემბერს დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაყვანის შესახებ განაცხადა. აღნიშნული სიახლიდან ცოტა ხანში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში აშშ-ის საგანგებო დესპანმა, ბრეკ მაკგარკმა თანამდებობა დატოვა. მაშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დიპლომატის გადაწყვეტილება სწორედ სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანას უკავშირდებოდა.
ტრამპის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, თანამდებობა დატოვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმაც.