მინერალი, რომელიც მარსზე უკვე რამდენჯერმე დააფიქსირეს, დედამიწაზე ისეთ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც ალბათ ყველაზე ბოლოს მოძებნიდით.
ანტარქტიდის ყინულებში ძალიან, ძალიან ღრმად, მეცნიერებმა იაროზიტი იპოვეს — მუქი ყვითელი მინერალი, რომელიც დედამიწაზე იშვიათად გვხვდება, მაგრამ როგორც ჩანს, უხვად არის წითელ პლანეტაზე.
მკვლევართა განცხადებით, ეს კარგად ხსნის მარსზე იაროზიტის წარმოქმნის საიდუმლოს, პრობლემას, რომელზეც მეცნიერები მას შემდეგ იმტვრევენ თავს, რაც ეს მინერალი მავალმა „ოპორტუნიტიმ“ აღმოაჩინა 2004 წელს.
აღმოჩენა გვაფიქრებინებს, რომ ანტარქტიკული და მარსული იაროზიტი ერთი და იგივე გზით არის წარმოქმნილი — როდესაც ელემენტთა შესაფერისი ნაზავის მქონე მტვერი ყინულში იჭედება, წარმოიქმნება იაროზიტად გადაქცევისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები.
მარსის ზედაპირზე იაროზიტის არსებობის მოსაზრება 1978 წელს გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის დედამიწაზე უიშვიათესად გვხვდება. წლების შემდეგ, როდესაც წითელ პლანეტაზე მისი არსებობა მავალმა „ოპორტუნიტიმ“ საბოლოოდ დაადასტურა (შემდეგში დააფიქსირეს მავალმა „სპირიტმა“ და „კურიოზიტიმაც“), აღმოჩენა მეცნიერთათვის ფრიად ამაღელვებელი იყო, რადგან ცნობილია, რომ იაროზიტი წყლის გარეშე ვერ წარმოიქმნება.
თუმცა, თავსატეხად რჩებოდა კონტექსტი. ეს მინერალი შეიმჩნეოდა წვრილმარცვლოვან დანალექოვან ფორმაციებში, რაც მისი წარმოქმნის ამბის დადგენას ართულებდა.
იმიტომ, რომ იაროზიტს — რკინისა და კალიუმის წყლოვან სულფატს — სხვა ელემენტებთან ერთად ასევე სჭირდება მჟავა გარემო, ისევე როგორც წყლის შესაფერისი პროპორცია. ცოტა მეტი რომელიმე მათგანი და… მინერალი სხვა მინერალად, სახელად გოეთიტად გარდაიქმნება.
აქ, დედამიწაზე, იაროზიტი შეიძლება წარმოიქმნას გოგირდმჟავასა და მიწისქვეშა წყლების ურთიერთქმედებით, შესაბამისად, უმეტესი ჰიპოთეზა მიუთითებდა, რომ იაროზიტი წარმოქმნილია დამშრალი ტბების აუზებში ან ვულკანურ პროცესთა შედეგად.
თუმცა, შეიძლება ასეთი რამ შეუძლებელი ყოფილიყო. მარსის ქერქი ძირითადად ბაზალტისგან შედგება, რომლის ტუტიანობაც სწრაფად ანეიტრალებს მასთან კონტაქტში შესულ ნებისმიერ მჟავა ხსნარს.
ვინაიდან ცნობილია, რომ მარსმა წარსულში გამყინვარების პერიოდები გადაიტანა, ბოლო კვლევების მიხედვით სულ მცირე ხუთი, ასევე გაჩნდა იმის შესაძლებლობაც, რომ იაროზიტი შეიძლება ყინულოვან დეპოზიტებში მტვრის ჩაჭედვის შედეგად წარმოქმნილიყო. ამ მოდელის მიხედვით, ყინულში ჩაჭედილ გოგირდით მდიდარ ვულკანურ აეროზოლთა კონცენტრაციას ხელი უნდა შეეწყო მტვრის მჟავური გამოფიტვისთვის, რასაც იაროზიტის წარმოქმნა უნდა გამოეწვია.
იაროზიტის წარმოქმნის ეს მექანიზმი მზის სისტემაში აქამდე არსად არასოდეს დაფიქსირებულა, იქამდე, ვიდრე… მილანის ბიკოკას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ჯოვანი ბაკოლოს ხელმძღვანელობით, აღმოსავლეთ ანტარქტიდიდან აღებულ, 1620 მეტრის სიგრძის ყინულის კერნის ნიმუშს, სახელად TALDICE-ს შეისწავლიდა.
ყინულის ზედაპირიდან 1000 მეტრის სიღრმეში აღებული ნიმუში იაროზიტის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ოდენობას შეიცავს. მისი არსებობა დაადასტურა ელექტრონული მიკროსკოპით სკანირებამ და ენერგიის გამანტველმა რენტგენულმა სპექტროსკოპიამ.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ სიღრმეზე ყინული ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელია (ნიმუშის ყველაზე ღრმა, ყველაზე ძველი ნაწილი სულ მცირე 250 000 წლის წინანდელია) და კრისტალებს ამ გარემოსთვის შესაფერისი ქიმიური გამოფიტვა აღენიშნება, ჯგუფს მიაჩნია, რომ მინერალი იქ წარმოიქმნა და სხვა ადგილიდან არ არის მოხვედრილი, მაგალითად, მეტეორიტის მიტანილი (აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია მარსიდან დედამიწაზე მოხვედრილი იაროზიტის შემცველი მეტეორიტები).
„ყინულის სიღრმეში არსებული გარემო პირობების ჩვენეულ აღქმაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ ეს იაროზიტი წარმოადგენს მყინვარული გამოფიტვის პროდუქტს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მათივე განცხადებით, მისი წარმოქმნა მოითხოვს მჟავა გარემოს, თხევადი წყლის შეზღუდულ მოქმედებას და რკინის შემცველი მინერალების არსებობას; ყინულის ნიმუშ TALDICE-ის ყველაზე ღრმა ნაწილი კი ასეთ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ეს აღმოჩენა თავის მხრივ ადასტურებს მარსზე იაროზიტის მყინვარულ წარმოშობას. მკვლევართა განცხადებით, ანტარქტიდის ყინულის სიღრმეში არსებული გარემო ძალიან შორსაა დედამიწის ატმოსფეროსგან და წარმოადგენს მყინვარული მარსის გარემოს შესაფერის ანალოგს; ორივე მათგანი შეიცავს იაროზიტის წარმოქმნისთვის საჭირო ინგრედიენტებს.
თუ მხედველობაში მივიღებთ მარსზე მომხდარ რამდენიმე გამყინვარების პერიოდს, წარმოქმნის ეს მექანიზმი სუფთად ხსნის ამ მინერალის უხვად არსებობას მთელი წითელი პლანეტის მასშტაბით.
ყინულის ნიმუშში იმაზე გაცილებით ცოტა იაროზიტი აღმოაჩინეს, ვიდრე მარსზე. წითელი პლანეტა გაცილებით მტვრიანია და უფრო მეტი ბაზალტი აქვს, ვიდრე ანტარქტიდას. ალბათ სამომავლო კვლევები და მოდელირება დაადგენს, საკმარისია თუ არა ეს კომბინაცია იმ ოდენობის იაროზიტის წარმოქმნისთვის, როგორც ეს მარსზეა.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.