ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ისანში, მეველეს ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე.
ხანძრის ქრობის პროცესს ართულებდა ძლიერი ქარი. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.