ათწლეულობით კვლევის შემდეგ, სინათლის ანალიზების საფუძველზე, ბოლოსდაბოლოს დადგინდა ირმის ნახტომის უძველესი ვარსკვლავთგროვის ასაკი. მისი სახელია HP 1 და არის დაახლოებით 12,8 მილიარდი წლის. შედეგად, ის არა მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის, არამედ მთელი სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავთგროვაა.
HP 1 მდებარეობს გალაქტიკურ ამოზნექილობაში და მისი არსებობის შესახებ საკმაო ხანია, რაც ვიცით. თუმცა, მისი სინათლის ზუსტი სპექტრის მიღება მეტად რთული აღმოჩნდა, რადგან ჩვენი ატმოსფერო შემომავალ სინათლეს საკმაოდ ამახინჯებს.
ვარსკვლავთგროვის ასაკის შეფასება პირველად 1997 წელს მოხდა და ეფუძნებოდა წითელ გიგანტ ვარსკვლავებს, მაგრამ შედეგები ძალიან საკამათო აღმოჩნდა. ზოგიერთი ვარაუდით, ასაკი 13,8 მილიარდი წელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, სწორედ ამდენია სამყაროს ასაკიც და შესაბამისად, ეს ნიშნავდა იმას, რომ ვცდებოდით სამყაროს ევოლუციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ეტაპთან დაკავშირებით.
თუმცა, ადაპტური ოპტიკის მუდმივად განვითარებადი დარგის წყალობით (ეს ტექნოლოგია აქრობს ატმოსფეროს მიერ სინათლის დამახინჯების ფაქტორს), შესაძლებელი გახდა ამ დრომდე ყველაზე მაღალი რეზოლუციის დაკვირვების ჩატარება ვარსკვლავთგროვაზე. ასტრონომებმა ჩილეში განთავსებული სამხრეთ ჯემინის ტელესკოპი გამოიყენეს. დაკვირვებებმა HP 1-ის ისტორიას ბოლოსდაბოლოს ფარდა ახადა.
სან-პაულუს უნივერსიტეტის ასტრონომის, სტეფანუ სოუზას განცხადებით, ეს ვარსკვლავთგროვა ჩვენი გალაქტიკის ამოზნექილობაში ჩამარხული უძველესი ნამარხივითაა და მოიცავს ერთ-ერთ უძველეს ვარსკვლავებს, რომელთა დანახვაც შეგვიძლია.
თუკი სამყაროში ბებერ ვარსკვლავებს ეძებთ, საჭიროა ეძებოთ ძალიან ციცქნები. მასიური ვარსკვლავები როგორც წესი, ცოტა ხანს ცოცხლობენ, მაგრამ მზეზე პატარა ვარსკვლავებს სიცოცხლე პოტენციურად ტრილიონობით წელიწადს შეუძლიათ.
აღნიშნული ვარსკვლავთგროვის ყველაზე მკრთალ ვარსკვლავთა გამოსავლენად, მკვლევართა ჯგუფმა გამოიყენა ჯემინის ტელესკოპის მონაცემები და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საარქივო ოპტიკური ფოტოები. საარქივო მონაცემებით მათ გროვაში გამოავლინეს RR ქნარის ტიპის 11 ვარსკვლავი. ამ ტიპის ცვალებად ვარსკვლავებს სტანდარტად იყენებენ ზუსტ მანძილთა გამოსათვლელად.
შედეგად დადგინდა, რომ ვარსკვლავთგროვა მდებარეობს დედამიწიდან 21 500 სინათლის წლის მანძილზე. დაშორების გაზომვის შემდეგ, მკვლევრებმა განსაზღვრეს სხვა ვარსკვლავთა აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდეც. ამან კი საშუალება მისცა აკურატულად მოეთავსებინათ ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაში, რომელიც თავის მხრივ, სხვა ვარსკვლავთა თვისებების შესახებ უფრო ზუსტი გამოთვლების საშუალებას იძლევა.
მათ შორის არის, მაგალითად, მეტალიანობა, რომელიც ვარსკვლავის სპექტროსკოპილი შესწავლით დგინდება. ცნობილია, რომ სხვადასხვა ელემენტები სპექტრში სხვადასხვანაირი ხაზების სახით ჩანს.
ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი ხდება ვარსკვლავის ასაკის გამოთვლა. ძალიან, ძალიან ადრეულ სამყაროში მეტალები არ არსებობდა. ლითონები პირველი თაობის ვარსკვლავთა ბირთვებში გამოიჭედა, რომლებმაც სიცოცხლის დასასრულს ისინი კოსმოსში გააფრქვიეს.
ეს ნივთიერებები შემდეგ ჩაერთო ახალ ვარსკვლავთა დაბადების პროცესში; ყოველი შემდეგი თაობის ვარსკვლავები მეტალებით სულ უფრო მდიდარი ხდებოდნენ. რაც უფრო ახალგაზრდაა ვარსკვლავი, შეიცავს უფრო მეტ ლითონს, ანუ მაღალია მისი მეტალიანობა. ბებერი ვარსკვლავები კი პირიქით, მეტალიანობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
HP 1-ის ვარსკვლავები მეტალებით იმდენად მწირია, რომ ასტრონომთა აზრით, ისინი გაჩნდნენ მაშინ, როცა სამყარო ჯერ მხოლოდ მილიარდი წლის იყო.
სან-პაულუს უნივერსიტეტის ასტრონომის, ლეონარდუ კერბერის განცხადებით, HP 1 კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირმის ნახტომის წარმოქმნის შესახებ ჩვენთვის ცნობილ მონაცემებში. გვეხმარება ერთგვარი ხიდი გავდოთ იმ ნაპრალზე, რომელიც ჩვენს გაგებაში არსებობს გალაქტიკის წარსულისა და აწმყოს შესახებ.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ უძველესი სფეროსებრი ვარსკვლავთგროვების პოვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ გალაქტიკის გარე მისადგომებში. თუმცა, ბოლო წლებში ირმის ნახტომში 160 ასეთი გროვა აღმოაჩინეს, რომელთა მეოთხედის გალაქტიკურ ამოზნექილობაში მდებარეობს. ეს გახლავთ გალაქტიკის მჭიდრო, ვარსკვლავებით გადაჭედილი რეგიონი, რომელიც 10 000 სინათლის წლის მანძილზე ივრცობა.
ასტრონომთა აზრით, ეს ვარსკვლავთგროვები გაჩნდნენ პირველყოფილი გაზისა და მტვრისგან და მხოლოდ შემდეგში მიუერთდნენ ირმის ნახტომს. შესაბამისად, ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ჩვენი გალაქტიკის ახალგაზრდობის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია gemini.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.