ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს 
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს 

ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებულია შავი ხვრელი, რომლის მასაც ჩვენი მზისას 100 000 ჯერ აღემატება. შედეგად, იგი ჩვენი გალაქტიკის ამ დრომდე ცნობილი მეორე უდიდესი შავი ხვრელია მის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის — მშვილდოსანი A*-ს შემდეგ.

ახალ ობიექტს მოლეკულური გაზის უზრმაზარ ღრუბელში მიაგნეს. ამ ეტაპზე, იგი საუკეთესო მტკიცებულებაა „საშუალომასიანი შავი ხვრელების“ კლასისა, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ; სწორედ მას შეუძლია ახსნას, თუ როგორ იზრდებიან სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოუდგენლად დიდ ზომებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელი უზარმაზარია და ჩვენს მზეზე 100 000-ჯერ მეტი მასა აქვს, მაინც ციცქნა წერტილია სუპერმასიურ შავ ხვრელებთან შედარებით. ეს უკანასკნელნი გალაქტიკათა ცენტრში არიან გაწოლილი და მათი მასა 10 მილიარდ მზის მასამდე აღწევს.

როგორ წარმოიქმნებაიან ამ მასშტაბის შავი ხვრელები — მეცნიერებისთვის ბოლომდე გაურკვეველია, რადგან ჯერ კიდევ არ შეგვიძლია თეორიულად ავხსნათ ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ასეთი უძველესი, კოლოსალური ფენომენი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც სამყარო ახალგაზრდა იყო.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ, უნდა არსებობდეს ე. წ. საშუალომასიანი შავი ხვრელები, რომლებიც, მკვლევართა აზრით, უფრო დიდ თანამოძმეთა ერთგვარი თესლია.

ამჯერად, შესაძლოა საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს. გაზის ღრუბელ CO–0.40–0.22-ში ახლად აღმოჩენილი საშუალო მასის შავი ხვრელი ნელა, ერთი მიმართულებით მოძრაობს მშვილდოსანი A*-ს მიმართულებით და საბოლოოდ, შესაძლოა მას შეერწყას.

მინიშნება ახალი შავი ხვრელის არსებობის შესახებ, შარშან გაკეთდა, როდესაც ირმის ნახტომის ცენტრიდან 200 სინათლის წლის მანძილზე, იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის ჯგუფმა გაზის ღრუბელი აღმოაჩინა.

CO–0.40–0.22-ში დაფიქსირებული გაზის უჩვეულო მოძრაობები მკვლევრებს აფიქრებინებდა, რომ ღრუბელში მატერიას აჩქარებდა რაღაც მასიური ძალები; მათი აზრით, ღრუბელში სწორედ საშუალო მასის შავი ხვრელი იმალებოდა.

ამჯერად, იგივე ჯგუფმა ასტროფიზიკოს ტომოჰარუ ოკას ხელმძღვანელობით, თავდაპირველი აღმოჩენები გაამყარა. ამაში მათ ჩილეში განთავსებული ატაკამის ფართო მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ტელესკოპი (Atacama Large Millimetre/submillimetre Array) დაეხმარა.

ღრუბლის გაზებში მკვლევრებმა კვლავ დააფიქსირეს სიჩქარეთა გადანაწილება, მაგრამ ამჯერად, მათ კიდევ რაღაც სხვაც იპოვეს: ზუსტად ისეთ რადიოტალღათა სპექტრი, როგორსაც მშვილდოსანი A* გამოყოფს, თუმცა ეს სპექტრი 500-ჯერ უფრო ნაკლებად კაშკაშაა.

მკვლევრები გადაჭრით არ ამბობენ, რომ რადიოტალღათა წყარო, რომელსაც CO–0.40–0.22* უწოდეს, დანამდვილებით საშუალომასიანი შავი ხვრელია, მაგრამ აცხადებენ, რომ მიღებული შედეგები გვთავაზობს ამ ფენომენის ამ დრომდე ყველაზე საუკეთესო, ნაკლებ საეჭვო მტკიცებულებას.

ამ ჰიპოთეზის დამტკიცება მხოლოდ შემდგომ ანალიზებს შეუძლია. შესაძლოა იგი უზარმაზარი გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდეს გალაქტიკათა ევოლუციის გაგებაში — როგორ შესძლეს სუპერმასიურმა შავმა ხვრელებმა ვარსკვლავთა სისტემაში გაბატონება და ყველა ობიექტის იძულება, ებრუნათ მათ გარშემო.

„მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი ასეთი შავი ხვრელი ერთგვარი თესლია, რომელთაგანაც იზრდება გაცილებით დიდი, სულ მცირე მილიონჯერ უფრო მასიური სუპერმასიური შავი ხვრელები“, — განუმარტა The Guardian-ს სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ბრუკ სიმონსმა, რომელიც აღნიშნულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.

„ასტროფიზიკოსები ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ დაკვირვებად მტკიცებულებებს როგორც ვარსკვლავური მასის, ისე სუპერმასიური შავი ხვრელების შესახებ. მართალია, ვფიქრობთ, რომ უდიდესი შავი ხვრელები პატარებისგან იზრდება, მაგრამ არასოდეს გვქონია ნათელი მტკიცებულებები იმისა, რომ არსებობს ამ ორ უკიდურესობას შორის მოთავსებული შავი ხვრელებიც“.

ჯგუფის აზრით, CO–0.40–0.22 შესაძლოა ერთ-ერთი იმ ჯუჯა გალაქტიკის ნარჩენი იყოს, რომელიც ოდესღაც ირმის ნახტომს შეერწყა, რაც იმის ვარაუდის საშუალებასაც იძლევა, რომ დიდი გალაქტიკები და მათში მოთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელები სწორედ პატარა მეზობლების გადაყლაპვის გზით გაიზარდნენ.

მკვლევრები აგრძელებენ გაზის ღრუბლისა და მის მიერ გამოყოფილი რადიოტალღების შესწავლას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცონ, მართლაც არის თუ არა CO–0.40–0.22* საშუალომასიანი შავი ხვრელი.

მანამდე კი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ შავ ხვრელთა ეპიკური, ნაკლული რგოლის საიდუმლო ბოლოსდაბოლოს ამოიხსნება.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით