ირმის ნახტომის გულში მხოლოდ ერთი შავი ხვრელი როდია. სუპერმასიური მშვილდოსანი A*-ს გარშემო, მკვლევრებმა უთვალავი სხვა შავი ხვრელი იპოვეს. როგორც კვლევის შედეგები მიუთითებს, ჩვენი გალაქტიკის შიდა რეგიონში შეჯგუფებულია 20 000-ზე მეტი შავი ხვრელი.
კვლევა ეფუძნება ათწლეულების წინანდელ თეორიას, რომლის მიხედვითაც, სუპერმასიურ შავ ხვრელთა სიახლოვეს თავს უნდა იყრიდეს ვარსკვლავური მასის უამრავი შავი ხვრელი. ამ მოდელს „შავ ხვრელთა სიმჭიდროვის წვეტსაც“ უწოდებენ.
სინამდვილეში, ეს გახლავთ ჩვენი ამჟამინდელი გალაქტიკურ-ვარსკვლავური მოდელის ფუნდამენტური ნაწილი.
თუმცა, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელის, მშვილდოსანი A*-ს გარშემო ამ შავ ხვრელთა შეჯგუფების პოვნის ყოველი წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ჩვენი გალაქტიკის სიგანე 100 000 სინათლის წელია და უცნაურია, რომ ამხელა სივრცეში ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ხუთი ათეული შავი ხვრელის შესახებ.
ვვარაუდობდით, რომ ცენტრში, სულ რაღაც ექვსი სინათლის წლის სიგანის რეგიონში, თავმოყრილი უნდა ყოფილიყო 10 000-20 000 შავი ხვრელი, მაგრამ მათ პოვნას ვერავინ ახერხებდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჩაკ ჰეილი.
აშკარა იყო, რომ ამ შავ ხვრელთა საპოვნელად, ჯგუფს სრულიად სხვა ხერხებისთვის უნდა მიემართა. შავ ხვრელთა მოძებნა უკიდურესად რთულია, რადგან ისინი შთანთქავენ ყოველგვარ სინათლესა და რადიაციას (თეორიულად, ისინი უნდა გამოყოფდნენ ჰოკინგის რადიაციას, რომლის დაფიქსირებაც ჯერ ვერ ხერხდება).
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი მოძებნა შეუძლებელია.
როდესაც შავი ხვრელი „იღვიძებს“ და იწყებს მატერიის ჭამას, წარმოიქმნება რენტგენული გამოსხივება. შესაბამისად, ყველაზე აქტიურები არიან ბინარულ სისტემაში, ვარსკვლავთან შეწყვილებული შავი ხვრელები. რენტგენული ბინარების სახელით ცნობილი ეს შავი ხვრელები ჭამენ კომპანიონი ვარსკვლავის მატერიას და ხანდახან რენტგენული გამოსხივების კაშკაშა ანთებებსაც გამოყოფენ.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში სხვა შავი ხვრელების აღმოჩენის ყოველი წინა მცდელობა ფოკუსირებული იყო სწორედ ამ რენტგენულ ბინართა ანთებებზე. მაგრამ ამ მეთოდს ერთი პრობლემა აქვს.
„ეს ყველაზე მკაფიო გზაა შავ ხვრელზე დაკვირვებისთვის, მაგრამ გალაქტიკის ცენტრი იმდენად შორსაა დედამიწიდან, რომ ეს ანთებები დანახვისთვის საკმარისად ძლიერი და კაშკაშა მხოლოდ 100-1000 წელიწადში ერთხელ არის“, — ამბობს ჰეილი.
ამიტომ, ამ ძლიერ ანთებათა ლოდინის ნაცვლად, ჯგუფმა სხვა მიდგომას მიმართა.
გასული 12 წლის განმავლობაში ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსრვატორიის მიერ შეგროვებული მონაცემების გაცხრილვის გზით, ისინი ეძებდნენ არააქტიური რენტგენული ბინარების მიერ გამოყოფილ მკრთალი, მაგრამ მდგრადი რენტგენული გამოსხივების ხელწერას. ამ ბინარებში შავი ხვრელი შეწყვილებულია დაბალმასიან ვარსკვლავთან.
„ყველაფერი ძალიან ადვილი იქნებოდა, შავ ხვრელთა ბინარები რომ რუტინულად გამოტყორცნიდნენ დიდ ჭავლებს, ნეიტრონულ ვარსკვლავთა ბინარების მსგავსად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ასე არ მოქმედებენ, მათ მოსაძებნად სრულიად სხვა გზას მივმართეთ“, — აღნიშნავს ჰეილი.
მისი თქმით, როცა შავი ხვრელი დაბალმასიან ვარსკვლავთან წყვილდება, ეს „ქორწინება“ გამოყოფს მართალია სუსტ, მაგრამ დაფიქსირებისთვის საკმარისი სიძლიერის მქონე რენტგენულ გამოსხივებას.
„თუ ვიპოვიდით დაბალმასიან ვარსკვლავებთან შეწყვილებულ შავ ხვრელებს და გვეცოდინებოდა, თუ შავ ხვრელთა რა ნაწილი შეწყვილდება ასეთ ვარსკვლავებთან, შევძლებდით მეცნიერული დასკვნების გამოტანას შავ ხვრელთა ამ იზოლირებული პოპულაციის შესახებ“, — აღნიშნავს ჰეილი.
ჩანდრას მონაცემებში, მათ 12 ასეთი ხელწერა იპოვეს, ყველა მათგანი მშვილდოსანი A*-დან 3 სინათლის წლის რადიუსში.
ამის შემდეგ, მათ ანალიზები ჩაუტარეს ამ ბინარების მახასიათებლებსა და სივრცულ გადანაწილებას და დაასკვნეს, რომ ირმის ნახტომის ცენტრალურ პარსეკში უნდა იყოს 300-500 დაბალმასიანი ბინარი და დაახლოებით 10 000-ეული შავი ხვრელი.
აღმოჩენა მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ მშვილდოსანი A*-ს გარშემო არსებულ გაზისა და მტვრის მასიურ ჰალოს უნდა წარმოექმნა მრავალი მასიური ვარსკვლავი, რომლებიც შემდეგ უნდა მომკვდარიყვნენ და შავ ხვრელებად კოლაფსირებულიყვნენ.
გარდა ამისა, ასევე ეთანხმება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები გალაქტიკური ამოზნექილობის დანარჩენი რეგიონებიდან „ჩაცვენილია“ გალაქტიკის ცენტრისკენ.
„ეს აღმოჩენა ადასტურებს მთავარ თეორიას, ასევე აქვს უამრავი სხვა შედეგიც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გრავიტაციულ ტალღათა ასტრონომიის ხანა ახლა იწყება.
ასტროფიზიკოსთათვის საჭირო ყველა ინფორმაცია თავს იყრის გალაქტიკის ცენტრში“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჩაკ ჰეილი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით