ირმა ზავრადაშვილი - დიღმის მასივში დაზიანებულ კორპუსს მუნიციპალიტეტი აღადგენს
დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს მუნიციპალიტეტი აღადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ევაკუირებული ოჯახებისთვის ალტერნატიული ფართის ძიება მიმდინარეობს.
„პრობლემა ეხება 30 ოჯახს, ორ სადარბაზოში მცხოვრებლებს. აქედან შვიდ ოჯახს ალტერნატიული ფართი ჰქონდა და დაკეტილი ჰქონდა ბინები. 23 ოჯახიდან 10 ოჯახი გავიყვანეთ სასტუმროში. დანარჩენები წავიდნენ ნათესავებთან. პარალელურ რეჟიმში ჩვენ და ისინი ალტერნატიულ ფართებს ვეძებდით, სადაც ქირას, რა თქმა უნდა, გადაიხდის მუნიციპალიტეტი. დღეიდან კომუნიკაციას ისევ აღვადგენთ. მთელი ღამის განმავლობაში კორპუსში სიმშვიდე იყო. ორი სადარბაზო დაცლილია, დასუფთავების სამსახურმა ყველაფერი მოაწესრიგა. დაცვის პოლიცია 24 საათის განმავლობაში ობიექტს იცავს, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ შიგნით შესვლის მცდელობა. კონტროლს ექვემდებარება მდგომარეობა“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, 13:00 საათზე ჩაინიშნა შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძესთან და მერის მოადგილეებთან, რათა კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს. დიდუბის გამგებლის განმარტებით, დღეს განახლდება კორპუსში კრიმინალური პოლიციისა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობა.
„ნივთების გამოსატანად გუშინ სათითაოდ შეუშვეს ოჯახები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და 112-ის თანამშრომელთან ერთად, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გათვალისწინებით. დღეს სავარაუდოდ თუ ვინმეს ექნება კიდევ რამე გამოსატანი, იმავე მეთოდოლოგიით, მათთან ერთად მოხდება უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეყვანა და ნივთების გამოტანა. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, მორჩებიან თუ არა სამხარაულის ბიურო და კრიმინალისტები მუშაობას, დადებენ დასკვნას და მუნიციპალიტეტი, როგორც აქამდე გაუკეთებია, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დატოვებს და კორპუსს აღადგენს“, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.