ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს
თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მერიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება.
„ჩვენი მოვითხოვეთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება. გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კუთხით ცვლილებებს. მათი მხრიდან თანხმობაც არის და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ეს ცვლილებები განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, კორპუსებში სპეციალური სენსორები დამონტაჟდეს, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას სიგნალიზაციით დააფიქსირებს.
„ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისი სენსორების დაყენება. ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. თუკი მოხდება აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდანაც მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, თბილისის მერის განცხადებით, მერია პირველივე წუთიდან ჩაერთო საქმეში.
„მოხდა დაზარალებულების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა. დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რათა ყველაფერი რაც შეიძლება მალე იქნას მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.