ირმა ზავრადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი - „ქართულ ოცნებას“ თუ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზია ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა

ცხრა წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე ცხრა წელი მთლიანად საბოტაჟოთ იყო დაკავებული, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნებას ცდილობს.

ამასთან, ირმა ზავრადაშვილის განმარტებით, „ქართულ ოცნების“ მიმართ ამომრჩევლების პრეტენზია პოლიტიკურ არენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას უკავშირდება.

„ნამდვილად არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყველაფერმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ნამდვილად, 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე ცხრა წელი მთლიანად საბოტაჟოთ იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკოს, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

რანაირი კანონიც არ უნდა მივიღოთ, წარმოადგინოთ, ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან მარტივად, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ამომრჩეველთან სახის შენარჩუნება, რაც დარჩა და იმისთვის სჭირდება აქედან ამ ჩანაწერის ამოღება.

სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ, და სხვათა შორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“, რატომ ვაპატიეთ ამათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე დღეს კიდევ არსებობენ, აი, ეს არის მთავარი კითხვა და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა, სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე და გადადით ცოტა კორექტულ ლაპარაკზე, გთხოვთ, თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც ხმა მოგცათ“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.