ირმა ნადირაშვილი - შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობიდან გამოძრომა პრეზიდენტისგან უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე კონსტიტუციაზე ხელმოწერა 
ირმა ნადირაშვილი - შეწყალების საკითხზე პასუხისმგებლობიდან გამოძრომა პრეზიდენტისგან უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე კონსტიტუციაზე ხელმოწერა 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აფრთხილებს, რომ კრიტიკაზე ისტერიული და არაადეკვატური პასუხები არ გამოადგება.

ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულმა ადამიანმა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, 25 წლის ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა და ბავშვებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა.

„კრიტიკაზე არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი „ქართული ოცნების“ სტილია, რისგანაც პრეზიდენტს ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენეს, როდესაც სამართლიანად გავაკრიტიკეთ. როდესაც ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურობას ისმენ, პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ სამომავლოდ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს, რაც აბაშიშვილის განცხადებაში ჩანდა“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობიდან გამოძრომა უთავმოყვარეო საქციელია და ყველამ იმაზე უნდა იფიქროს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.

პრეზიდენტს ვურჩევ, რომ ისტერიული და არაადეკვატური პასუხები არ გამოადგება. ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს. პასუხისმგებლობისგან გამოძრომა, როცა ადამიანი უკვე დაიღუპა, არასწორია. ვიცით, მისმა გათავისუფლებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა როგორ ჩაიდინეს და ამ შემთხვევაში ლამაზი არ არის, რომ პასუხისმგებლობიდან გამოძვრე. ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის, კონსტიტუციას ხელი რომ მოაწერა. ეს არ მოგვეწონა, მაგრამ მაშინ არ გავაკრიტიკეთ. ახლა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება“, – ამბობს ნადირაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, მეორე უკიდურესობაა, როცა პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებებს წყვეტს.

„კი არ უნდა შეწყვიტო და შენი ნათესავები კი არ უნდა შეიწყალო, საქმეში ღრმად უნდა ჩაიხედო. „ქართული ოცნებას” იმაში ვადანაშაულებთ, რომ საქმეების შეუსწავლელად ციხის კარები გააღეს და ადამიანები პოლიტპატიმრის სტატუსით მოგვივლინეს. ამ კონკრეტულ ფაქტებზე მარგველაშვილი ნაწილობრივ იგივე დანაშაულს სჩადის და ეს კრიტიკა ჯანსაღია“,  – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და პრეზიდენტმა შეიწყალა. შეწყალების შედეგად სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა. 13 აპრილს ბაქრაძემ ყელის არეში ჭრილობები ყოფილი მეუღლის შვილს მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ბაქრაძის შეწყალების საკითხზე გუშინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაქრაძის საქმეს თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება. ამასთან, მისი თქმით, შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.