პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა უღირსი საქციელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა გრიგოლ ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე უპასუხისმგებლო ადამიანი აღმოჩნდა.
„გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც იყო ხელმოწერილი და ითვალისწინებდა თავდაუსხმელობას ოპოზიციურ პარტიებს შორის. შეთანხმება არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ საერთო პოლიტიკური წარსულისკენ ხელის გაშვერა და ტალახის სროლა, არის უღირსი საქციელი. სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძე აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ადამიანი. ის ვერ ხვდება, რომ ასეთი საქციელით „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის შიგნით დაძაბულობა, ურთიერთავდასხმები ეს არის „ქართული ოცნების“ თამაშში ჩართვა”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა: „ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია“.