ირმა ინაშვილი - ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ხაზი გავუსვით, რომ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს მხარს არ ვუჭერთ
ირმა ინაშვილი - ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ხაზი გავუსვით, რომ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს მხარს არ ვუჭერთ

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მხარს არ ვუჭერთ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საკითხის როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ჭრილზე გაამახვილეს ყურადღება.

„მსგავსი ტიპის შეხვედრებისას, როგორც წესი, ვენეციის კომისიის წევრები არ საუბრობენ ხოლმე, გვისმენენ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს დრო გამოგვეყენებინა, რომ სამართლებრივ ნაწილზეც გვესაუბრა და პოლიტიკურ ნაწილზეც. ხაზი გავუსვით, რომ მხარს არ ვუჭერთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ის ფრაგმენტულ ცვლილებებზეა გათვლილი და ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ განაპირობებს მართლმსაჯულების სისტემაში, ვერც მოსამართლეების შერჩევის პროცესში. სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ფუნდამენტური რეფორმა უნდა განხორციელდეს, ასევე იმაზე, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო და მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის მოსამართლეთა უვადოდ განწესებისთვის.

„უნდა იყოს 10 წლიანი ვადა მაინც, აუცილებლად უნდა იყოს სამ წლიანი ვადა მაინც მიცემული ამ მოსამართლეებისთვის. მართლმსაჯულების სისტემიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდნენ მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, გვრიტიშვილები, ადამიანები, რომლებსაც არ ენდობა ქართველი ხალხი, რომლებსაც კონკრეტული, მკვლელი განაჩენები აქვთ გამოტანილი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება.

„თუმცა არ მაქვს იმედი, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. შეეცდებიან, გაიტანონ კანონპროექტი, რაც მომზადებული აქვთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ. დელეგაცია უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.