ირმა ინაშვილი - საქართველოში რაც ხდება, მემკვიდრეობაა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში
საქართველოში რაც ხდება, წარსულის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა, მემკვიდრეობა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და აღნიშნა, რომ ადამიანს იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი.
„საქართველოში რაც ხდება, არის წარსულის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და მემკვიდრეობა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დღეს კვლავ დაუცველია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, ამ კუთხით კანონმდებლობა აუცილებლად გასამკაცრებელია, რათა დამკვეთი დაისაჯოს განსაკუთრებულად, ვინც არის ორგანიზებული ჯგუფის შემქმნელი და ორგანიზებას უწევს ფარული კადრების გავრცელებას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით 16 პირი პირველ თებერვალს დააკავა. ამავე დღეს, შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც უწყების ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ ატვირთა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, 14 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.