ირმა ინაშვილი - ავთანდილ ენუქიძე ჩვენი პარტიის შემომწირველია, თავისუფალია ქმედებებში, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში
ავთანდილ ენუქიძე ჩვენი პარტიის შემომწირველია, თავისუფალია ქმედებებში, მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში, – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მათი პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში.
ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში.
„მკაფიოდ მინდა, განვცახადო, რომ მე – ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში.
სხვათა შორის, მე ვიყავი ერთ-ერთ პირველი, ვინც თქვა, რომ არ შევა პარლამენტში. ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ ამ სიტყვას.
მოგეხსენებათ, ყველა პარლამენტში არის ბიზნესშემადგენელი – ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი, არის ჩვენი პარტიის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს და შესაბამისად, ის თავისუფალია მის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს.
სხვა საკითხი არის საინტერესო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ მედიასაშუალებები გვაბრალებდნენ, თითქოსდა რვა მილიონი დოლარის მიღებას რუსეთიდან. დღეს ხომ ჩანს, რომ ეს რვა მილიონი დოლარი არ არსებობს? ჩვენს პარტიას ჰქონდა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკრეტული ქართველი ბიზნესმენებისგან. მაგრამ დღეს ვერ ვისმენ ბოდიშს ან ტყუილის უარყოფას.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – ჩვენი პარტია მიჰყვება გეზს, ჩვენ უარს ვამბობთ ამ პარლამენტში შესვლაზე, პარტიის პოლიტიკური ნაწილი არ შედის პარლამენტში. მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულებაა, ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.