ავთანდილ ენუქიძე ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების ინიციატივით გამოვიდა
ავთანდილ ენუქიძე ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების ინიციატივით გამოვიდა

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ავთანდილ ენუქიძე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს დადებითად აფასებს.

მისი თქმით, შესაბამის ცვლილებებს სრულიად ეთანხმება.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ამ კანონის შემოღებას და საერთოდ გამკაცრებასაც. როდესაც არ იყო ტექდათვალიერება, აირია ყველაფერი. 50 ლარი რომ არის გადასახადი, პირი ერთი თვე კიდევ დადის ავტობუსით, გადაჰყავს და გადმოჰყავს ხალხი, რადგან ერთი თვის განმავლობაში შეუძლია, იაროს“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ამასთან, ენუქიძე პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ბენზინგასამართი სადგურები შემოწმდეს.

„შეამოწმეთ საწვავი. აღარ მოწმდება, მე აღარ მინახავს ამდენი წელია. შემოწმდეს ყველა ბენზინგასამართი სადგური, როგორც მოწმდებოდა ადრე“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ავთანდილ ენუქიძეს გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და აღნიშნა, რომ სამინისტროდან აუცილებლად გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას.

„სამინისტროდან აუცილებლად გამოვითხოვ შესაბამის ინფორმაციას. ჩემთვის როგორც ცნობილია, ბენზინგასამართების შემოწმების კუთხით წელს სამინისტრო გააქტიურდა, მაგრამ აუცილებლად გამოვითხოვ ინფორმაციას და მოგახსენებთ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.