ირლანდიის პოლიციის კომისარმა დუბლინში საპროტესტო გამოსვლებს ძალადობის განსაკუთრებული შემთხვევა უწოდა, რომლის მსგავსი ქვეყანაში ათობით წლის განმავლობაში არ მომხდარა
34 დაკავებული, 13 დარბეული მაღაზია, დამწვარი 11 პოლიციის მანქანა, – ასეთია დუბლინში არეულობების შედეგები, რომლებზეც ირლანდიის პოლიციის კომისარმა, დრიუ ჰარისმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირლანდიის დედაქალაქში წუხანდელი არეულობების შემდეგ დასუფთავების სამუშაოები გრძელდება.
პოლიციის უფროსმა მომხდარი შეაფასა როგორც ძალადობის განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის მსგავსი ქვეყანაში ათობით წლის განმავლობაში არ მომხდარა. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ საპროტესტო გამოსვლების, არეულობების განახლებას და პოლიცია მზადყოფნაშია.
დრიუ ჰარისის ცნობით, არეულობის დროს დაშავებულები არიან სამართალდამცველები, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დუბლინში გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. არეულობის მონაწილეები ანტიიმიგრაციულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
არეულობები დუბლინის ქუჩებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე ირლანდიის დედაქალაქში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან უცნობი პირი დანით თავს დაესხა მოქალაქეებს. სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა. პოლიცია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. ასევე სამართალდამცველები მოუწოდებენ საზოგადოებას, არ აჰყვნენ ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პოლიციამ უკვე გამორიცხა ტერაქტის მცდელობა. „ბიბისის“ ცნობით, დაკავებული ირლანდიის მოქალაქეა, რომელიც ირლანდიაში, 20 წელია, ცხოვრობს.