ბექა ოდიშარია - ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა
ბექა ოდიშარია - ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ძალიან ფასეულია ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრების ირლანდიის რესპუბლიკაში ვიზიტი გრძელდება.

კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა: ნოდარ ტურძელაძემ, რესან კონცელიძემ, ფრიდონ ინჯიამ შეხვედრა გამართეს ირლანდიის პარლამენტის – ოირეხტასის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ დიარმუდ უილსონთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სენატორმა დიარმუდ უილსონმა ქართველ კოლეგებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წარმატებები უსურვა.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ კოლეგას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, სენატორ დიარმუდ უილსონისა და სენატორ გერარდ კრაუგველის წვლილზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ბექა ოდიშარიას თქმით, სწორედ მათი ინიციატივით 2022 წლის ივნისში ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებდა ევროკავშირს, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ბექა ოდიშარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან ფასეულია ამ პროცესში ირლანდიის ხელისუფლების მხარდაჭერა.

სენატორ დიარმუდ უილსონის თქმით, როგორც საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მოხარულია, რომ საქართველოსა და ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება, რასაც მიმდინარე ვიზიტიც ადასტურებს.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ მეგობრობის ჯგუფის წევრებს აცნობა, რომ მომავალი წლის მაისში თბილისში იგეგმება დიასპორის დიდი ეკონომიკური ფორუმი. მისი თქმით, მოხარული იქნება, თუ მოახერხებენ ფორუმზე დასწრებას და ირლანდიის გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ირლანდიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები.