ირანში მაჰსა ამინის მკვლელობის გაშუქებისთვის აშშ-სთან შეთქმულების ბრალდებით დაკავებული ორი რეპორტიორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ირანში მაჰსა ამინის მკვლელობის გაშუქებისთვის აშშ-სთან შეთქმულების ბრალდებით დაკავებული ორი რეპორტიორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ირანში მაჰსა ამინის მკვლელობის გაშუქებისთვის აშშ-სთან შეთქმულების ბრალდებით დაკავებული ორი რეპორტიორი გაათავისუფლეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნილუფარ ჰამედი და ელაეჰ მოჰამადი სააპელაციო სასამართლოში განხილვის დასრულებამდე, 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლების გარეშე.

ირანის სასამართლომ მათ გასულ წელს, სხვა ბრალდებებთან ერთად, აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ორივე ჟურნალისტს იუნესკო-ს მსოფლიო პრესის თავისუფლების ჯილდო მიანიჭეს 2023 წლის მაისში.

აღსანიშნავია, რომ გირაოს ოდენობა, ირანში საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, 50-წლის ხელფასის ოდენობისაა.

მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასათანადოდ ტარების გამო დაკავების შემდეგ საპატიმროში გარდაიცვალა. ფაქტმა ირანული საზოგადოების აღშფოთება და მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. არეულობის შედეგად 529 ადამიანი დაიღუპა და 20 000-მდე დააპატიმრეს, მათ შორის 100-მდე ჟურნალისტი.