მედიის ინფორმაციით, ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის თავიდან ასარიდებლად 260 ადამიანი დააკავეს
მედიის ინფორმაციით, ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის თავიდან ასარიდებლად 260 ადამიანი დააკავეს

ირანში მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე საპროტესტო აქციების მორიგი ტალღის თავიდან ასარიდებლად 260 ადამიანი დააკავეს. მათგან ნაწილს – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ნაწილს კი საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებისა და იარაღის შენახვა წაუყენეს ბრალად.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ფარგლებში, მაჰსა ამინის საცხოვრებელ სახლთან დამატებითი ძალები განათავსეს. მაჰსა ამინის მამამ ერთი წლისთავზე სამგლოვიარო მსვლელობაც დააანონსა, თუმცა ამის შემდეგ ის პოლიციაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს.

მასშტაბური აქციების ჩახშობის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის წინააღმდეგ 15 სექტემბერს ახალი სანქციები დააწესეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი „უკანონოდ და არადიპლომატიურად“ შეაფასა.

შეგახსენებთ, მაჰსა ამინი 2022 წლის 16 სექტემბერს „მორალის პოლიციის“ მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. მაჰსა ამინის ოჯახის განცხადებით, მაჰსა სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა. ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. დაპირისპირების შედეგად, აქციებისას 550-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.