აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისთვის.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები შეეხო ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელაღარსულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს.

„შავ სიაში“ მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელიც, სადაც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყოფებიან.

სანქცირებულთა შორის არის ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, ასევე რავინის აკადემია, სადაც აშშ-ის ცნობით, ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება. სანქციები დაუწესდა ირანულ კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co-ს, რომელიც ამერიკული მხარის განცხადებით, უზრუნველყოფს ირანის მთავრობისთვის ინტერნეტში ცენზურას, თვალთვალსა და ჯაშუშობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად და ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის დაკისრებას ირანში იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც ჩართული არიან ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რესპრესიებში“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ირანში უკვე თვეზე მეტია, იმართება ანტისამთავრობო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო. ახალგაზრდა ქალი ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა.