ირანში ანტისამთავრობო აქციები იმართება. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება, ასეულობით ირანელი ისპაჰანის ქუჩებში გავიდა. ისინი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა შექმნილი – ყველა პროდუქტზე გაზრდილია ფასები, მოქალაქეთა უმრავლესობა კი უმუშევარია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საპროტესტო ტალღა ისპაჰანში რამდენიმე მეწარმისა და სატვირთოს მძღოლების მიერ გამართული დემონსტრაციების შემდეგ აგორდა.
„ბიბისის“ ცნობით, მანიფესტანტების სიახლოვეს უკვე გამოჩნდნენ პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები. მობილიზებულია სპეცტექნიკა – მათ შორის წყალის ჭავლის მანქანაც. სამართალდამცავებს აქვთ ცრემლსადენი აირის გამშვები ხელსაწყოებიც. ვრცელდება ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა უკვე გამოიყენეს.
ირანში, ბოლო რამდნიმე თვის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. ორშაბათს ერთი დოლარი 120 000 რიალი ღირდა. ამის მიზეზი აშშ-ის მხრიდან ირანისთვის ეკონომიური სანქციების ხელახლა დაწესების მოლოდინი გახდა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციების პირველ პაკეტს 6 აგვისტოს აამოქმედებს.