ირანის ნავთობის მინისტრი - დონალდ ტრამპს თუ ნავთობის ფასის ზრდის შეჩერება სურს, უნდა შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთში ჩარევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩარევა, თუ ნავთობის ფასის ზრდის შეჩერება სურს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ზანგანემ განაცხადა.
„ბატონ ტრამპს სურს, სერიოზულად შეამციროს ირანული ნავთობის ექსპორტი და ასევე უზრუნველყოს, რომ ფასი არ გაიზარდოს, თუმცა ეს ორი რამ ვერ მოხდება ერთდროულად“, -განაცხადა ზანგანემ.
„თუ მას უნდა, რომ ნავთობის ფასი არ გაიზარდოს და ბაზარი სტაბილური იყოს, უნდა შეწყვიტოს უსაფუძვლო და დამანგრეველი ჩარევა ახლო აღმოსავლეთში და არ დააბრკოლოს ირანული ნავთობი წარმოებისა და ექსპორტისათვის“, – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ოპეკის წევრებს ნავთობის წარმოების გაზრდისკენ და ფასების ზრდის შემცირებისკენ მოუწოდა. მან ასევე ირანი ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და სანქციების გამკაცრებით დაემუქრა.