ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელიც 2018 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს
ცნობილი ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელიც 2018 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობდა, სიკვდილით დასაჯეს.
27 წლის სპორტსმენი ნავიდ აფკარი 2018 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, ის საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის მკვლელობასა და უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. უზენაესმა სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო. აფკარის 74 როზგი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სპორტსმენს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. დაკავებულია ასევე ნავიდ აფკარის ორი ძმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანის ლიდერებს, რომ არ დაესაჯათ სიკვდილით ცნობილი მოჭიდავე.