ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, მეტი პატივი ვცეთ კონსენსუსს, რაც შედგა, პირობის გატეხვა მოკითხონ რადიკალურ ოპოზიციას, სამი თვე რომ ველოდებოდით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას
ირაკლი ზარქუა - ვისურვებდი, მეტი პატივი ვცეთ კონსენსუსს, რაც შედგა, პირობის გატეხვა მოკითხონ რადიკალურ ოპოზიციას, სამი თვე რომ ველოდებოდით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მმართველი პარტია, როგორც არასდროს, ისეა ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესებისთვის.

ზარქუას თქმით, დღეს კონსენსუსი შედგა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და 126 ხმით გავიდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას, შემდეგი ორი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასა და  ფრაქციების შესაქმნელად საჭირო რაოდენობის ოთხამდე შემცირებას.

„მგონი, ცოტა გადაჭარბებულია და უკაცრავად, ბატონებო, მაგრამ იქნებ, ჩახედოთ, რა თემაზეა საუბარი. დღეს კონსენსუსი შედგა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და 126 ხმით გავიდა პირველი საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც მმართველი პარტიისგან მხარი დაეჭირა ბარიერის ორ პროცენტამდე დაწევას. იცით თქვენ, ჩვენ რომ ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის პლურალიზმი, მეტი ღიაობა, დემოკრატია და ა.შ.  – ორ პროცენტამდე დავიყვანეთ. მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა მმართველი პარტიიდან – ორი შემდეგი არჩევნები იქნება წმინდად პროპორციული. მესამე მნიშვნელოვანი არის, რომ ფრაქციების შექმნა უკვე ოთხ ადამიანამდე ჩამოვიყვანეთ. ეს მიუთითებს კიდევ იმაზე, რომ მმართველი პარტია, როგორც არასდროს, ისეა ღია და გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერს და ამ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ასევე აშშ-ის სელჩოს განცხადებას, ზარქუას თქმით, ისურვებდა, მეტი პატივი სცენ კონსენსუსს, რომელიც შედგა.

„ერთი ნიუანსი, რომელიც არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ გვხვდება, რომ ოთხმოცდაათი ხმით, ანუ კვალიფიციური უმრავლესობით იყოს გენპროკურორი არჩეული და ისიც 2026 წელს, ამაზე იყო საუბარი. ახლა ამის გამო ასეთი მკაცრი შეფასება, ჩემის აზრით, აცდენილია რეალობას და ვისურვებდი, მეტი პატივი ვცეთ კონსენსუსს, რაც შედგა. თუ თემა არის, რომ ვიღაცამ პირობა გატეხა, ეს მოკითხონ ოპოზიციას, რადიკალურ ოპიზიციას სამი თვე რომ ველოდებოდით მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას, ასეთი მკაცრები არ ყოფილხართ მაშინ და არც გითქვამთ, სადაც სხვათაშორის, გეკუთვნოდათ, უფრო კრიტიკულები და უფრო მომთხოვნი ყოფილიყავით ოპოზიციის მიმართ. არც მაშინ ყოფილხართ, როდესაც მაგალითად, დღეს არარსებულ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ უკვე ამნისტიას მხარიც არ დაუჭირა. მე ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, რადგან ამას უყურებს მოსახლეობა, ქართველი ხალხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ქვეყანას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენი მომავალი, ჩვენი განვითარება უკავშირდება ევროსტრუქტურებს, ევროკავშირს, ევროატლანტიკურ სივრცეს, თუმცა სამართლიანობას მოსახლეობა ყოველთვის მოითხოვს და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ველოდებით დასავლელი მეგობრებისგან – მხარდაჭერასა და სამართლიანობის განცდას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ, 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

​ჰარცელის თქმით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას, ასევე, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას, „გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად“.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც აღნიშნულია, რომ „დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, განაახლებდნენ ძალისხმევას, ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე და მათ პირობა უნდა შეასრულონ.

ასევე, საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ უარი მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე, ეწინააღმდეგება პარტიის გაცხადებულ ნებას, მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“. საელჩოს განცხადებით, ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და მას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.