ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტს 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს
ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტს 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წლიური საქმიანობის შესახებ ანგარიში პარლამენტს 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.

საგამოძიებო ორგანოს მიერ ანგარიშის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენის პროცედურები გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის მიხედვით, დოკუმენტში საუბარი უნდა იყოს – სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებზე, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებაზე, მათ შორის, გავრცელებულ დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასევე პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებზე.

რეგლამენტით განსაზღვრულია ისიც, რომ ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

პროცედურის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით შეაფასებს მის საქმიანობას. დადგენილებაში კი, შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.