დამიან მაზორი - განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თბილისის, ასევე, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების თანამშრომლებს, ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს წარმატებით მუშაობის საშუალებას
პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელის და მისი თანამშრომლების სახელით, მინდა, გამოვხატო მადლიერება ყველა იმ უწყებისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში, – ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა, დამიან მაზორმა განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ეხებოდა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებას.
კერძოდ, ქართველმა სამართალდამცველებმა, ამერიკელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარეს.
დამიან მაზორის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა იძლევა წარმატებით მუშაობის შესაძლებლობას.
„ჩვენი შტაბ-ბინა ქალაქ ლოძშია განლაგებული. ამიტომ მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, როგორც თბილისის, ასევე რეგიონული, კერძოდ კი, ბათუმის შესაბამისი ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს. ჩვენი ასეთი მხარდამხარ მუშაობა, გაცნობიერებული ამოცანები გვაძლევს საშუალებას, წარმატებით ვიმუშაოთ. დიდი მადლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და ძალზედ შედეგიანი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა დამიან მაზორმა.