ირაკლი შავაძე - დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების ხმები მისი იყო და პრობლემები შემექმნებოდა
ირაკლი შავაძე - დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების ხმები მისი იყო და პრობლემები შემექმნებოდა

„დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ხმები მისი იყო და რომ პრობლემები შემექმნებოდა“, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე ღია შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს დავით მამისეიშვილსა და მოსამართლე ირაკლი შავაძის დაპირისპირების დეტალებს ისმენენ.

მოსამართლე საბჭოს წევრებს აწვდის ინფორმაციას იმის დასადასტურებლად, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მასზე ზეწოლას ახდენს და მის სამოსამართლეო საქმიანობაში ერევა.

„ართმელიძის აღკვეთის შეცვლის შემდეგ დავით მამისეიშვილმა მითხრა, რომ მარტო დავრჩებოდი და რაში გამოიხატებოდა მარტო დარჩენა: მივდივარ სამსახურში, ვხედავ მოსამართლეებს, მხედავენ და შედიან ოთახებში. როდესაც მესალმებოდნენ, აქეთ-იქით იხედებოდნენ, ვინმემ ხომ არ დაინახაო. ჩემი თანაშემწე და მდივანი გადაიყვანა მისი კაბინეტის პირისპირ, ჩემგან 50 მეტრის მოშორებით. ვერაფერს ვეკითხები ვერავის, არ მაქვს შესაძლებლობა, ვესაუბრო სისხლის სამართლის სპეციალისტებს. ინტერნეტში, სადაც ერთმანეთს დაბადების დღეებს ულოცავენ, უსამძიმრებენ, ორჯერ ჩემთვის დაბადების დღე არავის მოულოცავს. ვერ დავდიოდი თბილისში კონფერენციებზე, რადგან ტრანსპორტში ჩემთვის ადგილი არ იყო. მოსამართლეებმა მითხრეს, კარგი იქნება თუ შეხვალ და დაელაპარაკებიო. დავთანხმდი და შევედი. იქ სხვა მოსამართლეებიც იყვნენ. საქმეების გადაბარებაზე ვესაუბრებოდი, თუმცა მითხრა, შენ აქ არავის დაუბარებიხარ და გადი გარეთო“, – განმარტა ირაკლი შავაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.