ირაკლი შავაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გაბრაზება ბრალდებულ ზაზა ართმელაძის საქმეს უკავშირდება
„მისი გაბრაზება უკავშირდება აწგარდაცვლილი ზაზა ართმელაძისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლას“, – ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე პირდაპირ ჩაერია მის სამოსამართლეო საქმიანობაში და მოსთხოვა, რომ ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეეცვალა.
„გარკვეულწილად დავით მამისეიშვილმა დაადასტურა, რომ ორი წლის წინ გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. მოტივად მას აქვს ორი სხვადასხვა ვარიანტი, თითქოს მე რაღაც პრაქტიკას არ ვიზიარებდი, რაც აბსოლუტური აბსურდია. მერე თქვა, რომ ორი წლის წინ მან იწინასწარმეტყველა, რომ მე რაღაც განცხადებებს გავაკეთებდი და საფრთხეს ხედავდა ჩემში, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მისი გაბრაზება უკავშირდება აწ გარდაცვლილ ზაზა ართმელაძისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის უფრო ნაკლებად შემზღუდავი აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლას“, – განაცხადა ირაკლი შვაძემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ირაკლი შავაძის ბრალდებებსა და დავით მამისეიშვილის პასუხებს მოისმენენ.