ირაკლი სესიაშვილი - საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ არც ერთი წევრი არ იმყოფება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მტკიცებით, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი არც ერთი პირი არ იმყოფება. პირველ არხთან საუბარში სესიაშვილი Washington post-ის სტატიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტატიაში მოყვანილ მონაცემებს ვერ დაეთანხმება.
დეპუტატის ცნობით, შესაბამისი სტრუქტურები ძალიან სიღრმისეულად მუშაობენ იმის დასადგენად, რამდენი ადამიანია წასული საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში”.
“ჩვენი ციფრები Washington post-ის სტატიაში მოყვანილ მონაცემებს დიდი სხვაობით არ ემთხვევა. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს ვეყრდნობით და ყურადღებას მაქსიმალურად ვაქცევთ იმას, რომ დადგინდეს, “ისლამურ სახელმწიფოში” კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ვის ჰქონდა. ქართული კანონმდებლობა შევცვალეთ და “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრება, მონაწილეობა და მცდელობაც კი, დასჯადი გავხადეთ.
მონაცემები მეტი სიზუსტით გვაქვს, რამდენი ადამიანია “ისლამურ სახელმწიფოში” და ვიცით, კონკრეტულად ვინ არის. ჩვენი მონაცემებით, საქართველოში არცერთი ადამიანი არ იმყოფება”, – განაცხადა დეპუტატმა.
სესიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნდებიან, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
“მათი იდენტიფიცირება საზღვარზე მოხდება, თუ მწვანე ზოლით არ ისარგებლებენ. ვმუშაობთ, რომ ასეთი გადმოკვეთაც აღიკვეთოს, მაგრამ თუ გადმოკვეთენ, მაშინვე მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.
Washington Post-ი წერს, რომ ერაყსა და სირიაში საქართველოდან საბრძოლველად წასული 50 ადამიანი სამშობლოში დაბრუნდა.