ირაკლი სესიაშვილი - რატომ ერთი ლიდერი მაინც არ გამოვიდა და მხარდამჭერებს არ მოუწოდა, ძალადობა და ცესკო-ს შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ, იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოები არიან
რატომ ერთი ლიდერი მაინც არ გამოვიდა და მხარდამჭერებს არ მოუწოდა, ძალადობა და ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ, იმიტომ, რომ არიან უპასუხისმგებლოები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.
მისი თქმით, ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ გამოსულა და მხარდამჭერებისთვის არ მოუწოდებია, ძალადობა და ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ.
„როდესაც ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები გამოდიან და რაღაც არაპროპორციულ ძალაზე გველაპარაკებიან, ჯერ თავიანთი წარსული გაიხსენონ და ისე ილაპარაკონ, მაგრამ როცა ხედავდნენ, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც ელისაშვილი ადასტურებს კიდეც, რა დადასტურება უნდა, ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, მაგრამ მაინც, რატომ ერთი ლიდერი მაინც არ გამოვიდა და მხარდამჭერებს არ მოუწოდა, ძალადობა და ცესკო-ს შენობის შტურმით აღების მცდელობა შეეწყვიტათ? იმიტომ, რომ ესენი არიან თავად უპასუხისმგებლოები“, – განაცხადა სესიაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მოძალადე პირები შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მიერ პროვოკაციის მოსაწყობად ყოფილიყვნენ მიგზავნილი, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მორიგი ზღაპარია ოპოზიციის პანდორას ყუთიდან.
„დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მეორედ რომ დაიწყეს შეტევა, ლიდერებიც რომ იქ იყვნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, ქვებს, მეტალსა და ცეცხლმოკიდებულ საგანს ესროდნენ, იქ სად იყო გიორგი ვაშაძე? რომელიმე თქვენგანს ერთხელ მაინც გინახავთ, კამერასთან დამდგარიყო და ეთქვა, მომიტინგეებს მოვუწოდებ, ძალადობა შეწყვიტონ, პროვოკატორები არიან და წესრიგი დავიცვათო? მისგან რამე განცხადება მოვისმინეთ? ამ უტიფრებს ეგონათ, იქ რაღაც მუხტს შექმნიდნენ, შენობაში შეიჭრებოდნენ და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას მოახდენდნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.