ირაკლი სესიაშვილი - ელენე ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ფინჯან ყავაზე მეც დავპატიჟებ
კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ, მეც ჩავერთვები და ფინჯან ყავაზე ორივეს, ელენა ხოშტარიასა და გიორგი გახარიას ერთად დავპატიჟებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.
სესიაშვილის თქმით, პარლამენტს მთავრობასთან მუშაობა არ უჭირს და შემთხვევა არ ყოფილა, როცა მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადდნენ.
„ღია კარს ნუ დავამტვრევთ. მინისტრი იმ დროს მოვა, როცა განსაზღვრულია. უფრო მეტიც, მოლოდინი მაქვს, რომ იმ დროისთვის გამოძიების შედეგებიც იქნება და შინაარსობრივად ვიმსჯელებთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა: „თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე. რაზეც შს მინისტრს ელენე ხოშტარიამ უპასუხა: „მზად ვარ, ჩემი ხელით მოვუდუღო ყავა გიორგი გახარიას“.
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრს საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში იბარებს. განსახილველი საკითხი პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. ოპოზიცია ინტერესდება, რატომ გახდა საჭირო პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა. რეგლამენტის ფარგლებში, გიორგი გახარიას პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 3 მაისს მოუსმენენ.