გიორგი გახარია - თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით  სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე
გიორგი გახარია - თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით სურს ჩემი ნახვა, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე

არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის მივა ის პარლამენტში.

გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს მისი ხილვა დამატებით სურთ, შეუძლიათ, ყავაზე დაპატიჟონ.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე ოთხჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არც ჩემი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე, არ აქვს. როგორც ვიცი, „მინისტრის საათი“ დაგეგმილი მაქვს მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ მოვალეობას შევასრულებ და მივალ პარლამენტში. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა სურს, შეუძლიათ, დამპატიჟონ ყავაზე და მე მივალ, დაველაპარაკები“, განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა იგეგმება. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში 3 მაისს მოუსმენენ.

გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება და მათ კითხვებს უპასუხებს.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პანკისის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები ფრაქციის სხდომაზე მივიდნენ.